რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები 21-22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მერია
რუსთავის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2026
გამოწერა
რეგიონებიდან ილია მეორეს პანაშვიდებზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლა მოსახლეობას უფასოდ შეეძლება.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება, განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტს ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში იმართება. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით.
"სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. თბილისის მიმართულებით 16 ათასამდე მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. თბილისიდან ბოლო ავტობუსი შაბათს, ხუთივე მარშრუტზე ღამის 01:00 საათზე გამოვა", - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ.
მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავიდან ხუთი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს: თბილისის სპორტის სასახლის, დიდუბის ავტოსადგურის, ისნის მეტროს, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და თბილისის რკინიგზის სადგურის მიმართულებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტიც. ასევე დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა". საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0