ფაშინიანი: სომხეთის მთავრობა ილია მეორის დაკრძალვას უმაღლეს დონეზე დაესწრება

© photo : official site of the Prime Minister of RAნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2026
გამოწერა
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 22 მარტს სიონში დაკრძალავენ.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვისა და გულის უკმარისობა გახდა. ილია მეორის გარდაცვალების გამო ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
"შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთის მთავრობა დაკრძალვაში მონაწილეობას მიიღებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ განვიხილავთ, თუ რა ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილნი", - განუცხადა ფაშინიანმა სომეხ ჟურნალისტებს.
დღესვე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.
"პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო", - აღნიშნულია საქართველოს მთვავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფაშინიანს ასეთი თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0