დღეს პატრიარქის ნათლულები სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ

© photo: Sputnik / Stringerგამოთხოვება პატრიარქთან
გამოთხოვება პატრიარქთან - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2026
გამოწერა
პატრიარქის ნათლულთა საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დღეს, 20:00 საათზე პატრიარქის ნათლულები ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობას აწყობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო - ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავდა.
პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა, ბოლო, 72-ე საყოველთაო ნათლობა კი 2025 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გაიმართა. პატრიარქის ნათლულთა საერთო რაოდენობა 50 ათასს აღემატება.
გუშინ ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - მოქალაქეებს მისთვის პატივის მიგება დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმეს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმაც. ასევე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ "კლოჩე სარე სალეს" საზეიმო ცერემონიას გააუქმა. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0