მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2026
გამოწერა
ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა დროებით მის მოსაყრდრეს შიოს გადაეცემა, ხოლო ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები დადგენილი საეკლესიო პროცედურის შესაბამისად ჩატარდება.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მოვალეობის შესრულებას 93 წლის ასაკში გარდაცვლილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანდერძის გახსნის შემდეგ შეუდგება. ამას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნორმები ითვალისწინებს.
მოსაყდრე ეს უმაღლესი იერარქის საეკლესიო ტიტულია, რომლეიც პატრიარქის მოვალეობას დროებით ასრულებს.
ვინაიდან მეუფე შიო მოსაყდრედ ჯერ კიდევ კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეშივე დასახელდა, სწორედ ის შეასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მოვალეობას ახალი წინამძღოლის არჩევამდე. ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ილია მეორის ანდერძში არ იქნება დასახელებული ახალი მოსაყდრე და თუ ანდერძი კანონიკურად არ იქნება გასაჩივრებული წმინდა სინოდის სხდომაზე.
როგორ ტარდება არჩევნები
დაკრძალვის შემდეგ მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდის სხდომა კანდიდატების შესარჩევად. სხდომაზე გამოვლინდება სამი კანდიდატი გაფართოებული კრებისთვის წარსადგენად, რომელიც აირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება - გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებული კრების შემადგენლობაში შედიან წმინდა სინოდის სრული შემადგენლობა, ასევე თითოეული ეპარქიიდან ორი სასულიერო და ერთი საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქია კრებაზე წარმოდგენილია იმდენივე წარმომადგენლით, რამდენიც ყველა სხვა ეპარქიას ერთად ჰყავს. გარდა ამისა, გაფართოებულ კრებაში მონაწილეობს ორ-ორი წარმომადგენელი ყველა მონასტრიდან, სასულიერო აკადემიიდან და სემინარიიდან, გელათის აკადემიიდან კი — ოთხი დელეგატი.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
ვის შეუძლია გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი;
- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი;
- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება;
- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს 70 წლისა,
- უნდა იყოს ბერი.
ყველა ახალი ამბავი
0