ყაველაშვილი: პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება

© Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2026
გამოწერა
ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ - ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ილია მეორის ღვაწლი ეკლესიის გაძლიერებასა და აღმშენებლობაში ფასდაუდებელია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე კუჭიდან მასიური სისხლდენით „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 17 მარტის გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმდინარეობდა - პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, მთელი ამ დროის განმავლობაში პატრიარქი უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა.
„პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს, კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს კი ამ უმძიმეს წუთებში უფლის შემწეობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ“, – დაწერა ყაველაშვილმა.
საპატრიარქოში 18 მარტს, 14:00 საათზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რომლის შემდეგაც, 16:00 საათზე ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ. წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ილია მეორის დაკრძალვის თაობაზე და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცედურაზე იმსჯელებენ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოსთან კოორდინაციით შეიქმნება დამკრძალავი კომისია, პანაშვიდები კი სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
საქართველოში პატრიარქის გარდაცვალების გამო გლოვა გამოცხადდა. ყველა სახელმწიფო უწყების შემობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პატრიარქი იყო. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში) დაიბადა. მან განათლება მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. მისი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში უმაღლესად ფასდებოდა, ხოლო საბაკალავრო ნაშრომი ათონის ივერიის მონასტრის ისტორიის თემაზე დაიცვა. ჯერ კიდევ სასწავლებლის დასრულებამდე, 1957 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა და სახელი ილია ეწოდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ბათუმის საკათედრო ტაძარში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სანამ 1977 წლის ნოემბერში პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდებოდა.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0