კავკასიის მედიცინის ცენტრი: პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

© photo: Sputnik / Stringerკათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2026
გამოწერა
ექიმების განცხადებით, ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს.
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.
ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ, დაახლოებით ღამის 3 საათისკენ მოულოდნელად გაუარესდა - ის კავკასიის მედიცინის ცენტრში კუჭიდან სისხლდენით შეიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს.
"პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროებოდა სისხლდენის კუპირების, ანუ შეჩერებისთვის. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის საყურადღებო, არასტაბილური, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ აბსოლუტურად ხდება პაციენტის მართვა და ამ მაჩვენებლების მაქსიმალური დასტაბილურება", - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
მისი ინფორმაციით, პატრიარქს სისხლდენის შესაჩერებლად ჩაუტარდა ენდოსკოპიური პროცედურა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
"პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში. ესაა ინტუბირებული მდგომარეობა. ჰემოდენამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს მოსვენებულ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენგან გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დავასტაბილუროთ", – განაცხადა ექიმმა.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ დროს.
24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
ყველა ახალი ამბავი
0