სამეგრელოსა და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიდაკლული ღორი
დაკლული ღორი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2026
გამოწერა
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს,აღნიშნავენ სურსათის ეროვნილ სააგენტოში.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულმა დეპარტამენტებმა სამეგრელოსა და იმერეთში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აბაშაში მცხოვრები ფიზიკური პირი განმეორებით და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო საქმიანობის აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კლავდა მსხვილფეხა პირუტყვს.
არალეგალური საწარმოები გამოვლინდა ასევე თერჯოლასა და ზესტაფონში. თერჯოლის სოფელ ღვანკითში ინდმეწარმე და ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში მცხოვრები ფიზიკური პირი სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ცხოველებს.
ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; თერჯოლაში გამოვლენილ არალეგალურ სასაკლაოზე, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 70 კილოგრამზე მეტი გოჭის და მსხვილფეხა საქონლის ხორცი, ხოლო ზესტაფონში აღმოჩენილ სასაკლაოზე დაილუქა 8 კილოგრამი ბოცვრის ხორცი.
"ინდმეწარმე და ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ხოლო სურსათი, კანონმდებლობის შესაბამისად დაილუქა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
ყველა ახალი ამბავი
0