ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანეს! ოპოზიციაში ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში შეაფასეს

© photo: Sputnik / Тарас Лариохин / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს შტაბ-ბინა
ეუთოს შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2026
გამოწერა
დოკუმენტის დასკვნები აღმოჩნდა მოსალოდნელზე უფრო მძიმე და ეს გახდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ასახავს ფაქტებს, რასაც ვერავინ ვერ გადაწერს, განაცხადა გვარამიამ
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოტანილი უკიდურესად მკაცრი განაჩენი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების სისტემური და მძიმე დარღვევები მოხდა, ნათქვამია „ოპოზიციური ალიანსის“ და მასში შემავალი წევრი პარტიების განცხადებაში, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს მისიის ანგარიშს ეხება.
პატრიცია გჟებიკის ანგარიში აღწერს ქვეყანაში „მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლას“ და მიუთითებს „ძალადობისა და უფლებების დარღვევის სისტემურ ბუნებაზე მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ“.
„რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია, ქართველი ხალხის მხრიდან რეჟიმის წინააღმდეგ განაჩენი გამოტანილია და ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით ეს განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში“, - ნათქვამია “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებაში.
დოკუმენტი რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „ენმ“-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წაიკითხა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ეუთოს ანგარიშს მიუკერძოებელი უწოდა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის დასკვნები აღმოჩნდა მოსალოდნელზე მეტად მძიმე და ის გახდება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ასახავს ფაქტებს, რასაც ვერავინ ვერ გადაწერს.
„აღნიშნული დასკვნა არის მომავალში ნებისმიერი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს ნაწილი. ეს ნამდვილად ის არის, რასაც ვერავინ ვერ გადაწერს. ეს არ არის საქართველოში მიკერძოებით შექმნილი დოკუმენტი, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი“, - განაცხადა გვარამიამ.
ეუთოს ანგარიში მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების დამარცხებას საერთაშორისო არენაზე, განაცხადა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაში ხვდება, ხოლო ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მოლოდინი არ არსებობს.
„ცხადია, არავის არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმების” მითითებები შესრულდება... ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, არის შიდა წნეხი ანუ აქცია, გარე წნეხი ანუ სანქცია“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
თუ ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების იგნორირებას, შესაძლოა მოხდეს ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის გამოყენება ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, რეჟიმზე ზეწოლის გასაზრდელად - იქნება ეს ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, თუ რეჟიმის წინააღმდეგ ტარგეტირებული სანქციების ამოქმედება, განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა კარგავს დროს და რესურსებს, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი იხარჯებოდეს საქართველოს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე, სიღარიბის დამარცხებაზე, საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის ათვისებაზე, მათ შორის ანაკლიის პორტის მშენებლობის გზით, უსაფრთხოების და კეთილდღეობის მყარი გარანტიების მოპოვებაზე, დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობით.
„ეს ანომალია უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს სწორი განვითარების გზას, ქართველ ხალხს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება მას და მის ინტერესებს. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია”, - განაცხადა სამადაშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ მართალია და მოიგებს ნებისმიერ საერთაშორისო სასამართლო საქმეს, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, თუ საქართველოს წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებისთვის სარჩელი აღიძრება.
„მართლები ვართ, ნებისმიერი სასამართლოს წინაშე წარვდგებით და ამ სასამართლო პროცესს იქით შევუტრიალებთ. ყველაფერი ჩვენს მხარესაა. ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ. როცა დავამტკიცებთ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა ქვეყანაში, იმის დაკონკრეტებას მოვითხოვთ, ეს ბრალდებები საიდან და რა მიზნით წამოვიდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა მცდელობა ეპოვათ სამართალი საერთაშორისო სასამართლოებში, მარცხით დასრულდა.
„თავიანთი ცრუ ნარატივებით საერთაშორისო სასამართლოში რამდენჯერაც წავიდნენ, ყველგან დამარცხდნენ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
რა წერია ანგარიშში
ანგარიშის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიის შესამჩნევი უკუსვლა მოხდა.
„მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებად იღებენ მიზანში“, - ნათქვამია ანგარიშში.
მომხსენებლების თქმით, ეს თავისუფლებები მეტისმეტად შეიზღუდა ადმინისტრაციული ზომების შემზღუდავი აღსრულებით, როგორებიცაა მაღალი ჯარიმები და ადმინისტრაციული დაკავება, ისევე, როგორც მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით.
„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“, - აღნიშნულია მოხსენებაში.
მომხსენებლების აზრით, მთავრობისგან დამოუკიდებელი აქტორების მიმართ მტრული განწყობა კიდევ უფრო მძიმდება დაუდგენელი ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის უკონტროლო შემთხვევებით, რომლებიც დროდადრო თავს ესხმიან მთავრობის კრიტიკოსებს, ხშირად საჯარო სივრცეებში და დღისით, აშკარად დაუსჯელად. ამ გარემოს, ასევე, განაპირობებს მთავრობასთან დაკავშირებული პირების ულმობელი, სტიგმატიზებული რიტორიკა.
საბოლოო ჯამში, ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოდან 32-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოს შესახებ დასკვნას, რომელიც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადდა. აგრეთვე 32 სახელმწიფო არ შეუერთდა განცხადებას, რომელიც წინა დღეს გამოქვეყნდა.
ყველა ახალი ამბავი
0