ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეარხების დასანქცირება: კომუნიკაციების კომისიას კითხვები აქვს

© Communication Comissionგოგა გულორდავა
გოგა გულორდავა - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2026
გამოწერა
ლონდონმა დაადანაშაულა Imedi და POSTV უკრაინაში კონფლიქტის შესახებ განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებაში
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. მედიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო სამართლებრივი პროცედურით არის დასაშვები, განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეარხის დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას.
სანქციების დოკუმენტის მიხედვით, Imedi და POSTV „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
„როცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ქვეყანაში ორი მაუწყებლის მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულია, რა თქმა უნდა ვერ იქნება ეს ვერავითარ შემთხვევაში განხილული დადებით კონტექსტში, პირიქით ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ეს გადაწყვეტილება ზოგადად ტელემაუწყებლებს შორის სამართლიანი კონკურენციისთვის, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის და მთლიანად მედიაპლურალიზმისთვის წარმოადგენს საფრთხეს“, - განაცხადა გულორდავამ.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, კითხვები ბევრია და ეს კითხვები საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. ასევე აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი, ან პრეტენზია არავის შეუტანია.
შესაბამისად, ორი ქართული არხის მიმართ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი დაცული არ ყოფილა, აღნიშნა მან.
„მედიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ნებისმიერი ამგვარი ქმედება, ვისგანაც არ უნდა იყოს, უნდა იყოს გამყარებული მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით“, - განაცხადა მან.
მანამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტვ“-ს დასანქცირება უარყოფითად იმოქმედებს კონკურენციაზე ტელემაუწყებლობის სფეროში. კომისიაში აღნიშნეს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ზომას მიიღებენ.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული, ასევე ეს უკავშირდება მომდევნო სისხლის სამართლის საქმეებს და ზოგიერთი მაღალჩინოსნის კორუფციასთან კავშირის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0