მეტროსადგური "ვარკეთილი" 16 მარტიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმზე გადადის

© photo: Sputnik / Stringerმეტრო ვარკეთილი
მეტრო ვარკეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2026
გამოწერა
კომპანია "ბადა კონსტრაქშენმა" რემონტი 2025 წელს დაიწყო
თბილისი, 11 მარტი — Sputnik. მეტროსადგური "ვარკეთილი" 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
კერძოდ, მეტროსადგურის ქვედა ბაქანზე განხორციელდა რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები - გაიწმინდა და დამუშავდა ჭერის კოროზირებული და დაზიანებული ზედაპირები; განხორციელდა თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების სპეციალური ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; დამატებით, მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციის მიზნით, შესრულდა რკინაბეტონის თაღის ტემპერატურული ღარებისა და ნაკერების, ასევე, დახრილი საესკალატორო გვირაბის თუჯის სამაგრების გაწმენდა და ჰერმეტიზაცია.
ამასთან, დასრულდა ქვედა ბაქნისა და დახრილი საესკალატორო გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
ამჟამად მზადდება ზედა ვესტიბიულის დაზიანებული კონსტრუქციების (მზიდი რკინაბეტონის რიგელების) რეაბილიტაციის პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი.
"ვარკეთილის" მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 ათასი ლარი დაჯდა. პროექტზე შპს "ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის იანვარში რეაბილიტირებულ "ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც 11 ადამიანი დაშავდა.
მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორი კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.
კომპანია "ბადა კონსტრაქშენმა" რემონტი 2025 წელს დაიწყო.
მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0