რა განიხილა შალვა პაპუაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

© Courtesy of Parliament of Georgiaშეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტში
შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტში - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2026
გამოწერა
საქართველო 8-10 მარტს ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობა განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს, საქართველოს 8 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.
თბილისში გამართულ შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილი მიესალმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოხატა ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის.
მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო ეუთო-ს ერთგული და აქტიური წევრია და შემდგომშიც დაუჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე.
მან, აგრეთვე, დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, გააგრძელოს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ახსენა პარლამენტის მიერ, გასულ წელს, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება. მხარეებმა დაადასტურეს დიალოგის გაგრძელების მზაობა.
თავის მხრივ, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში, ეუთო-მ შეინარჩუნოს რელევანტურობა, შეძლოს საქმიანობის ეფექტიანი განხორციელება.
მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზთან ჩასვლით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 10 მარტს დატოვებს.
საქართველო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი 30 წლის წინ, 1992 წლის 24 მარტს გახდა და მას შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან. თუმცა ამჟამად ურთიერთობები დაძაბულია - ორგანიზაცია აკრიტიკებს საქართველოს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების კუთხით არსებული მდგომარეობის გამო. 2026 წელს ოცზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედდა "მოსკოვის მექანიზმი" ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შეფასების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0