საქართველოში უცხოური გრანტების გაცემა გამკაცრდა - დეტალები

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2026
გამოწერა
კანონის თანახმად, იურიდიულ პირს გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით შეუძლია.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამ მიმართულებით ცვლილებები შედის შემდეგ კანონებში: - „გრანტების შესახებ“ კანონი, „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.
მიღებული ცვლილებების თანახმად, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
ასევე, თუ ფულადი სახსრები იხარჯება საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, გატარებასა ან შეცვლაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, ასევე საქმიანობაზე, რომელიც გამომდინარეობს უცხოური სახელმწიფოს მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.
პირის მიერ ასეთი გრანტის მიღება მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვის შემთხვევაშია შესაძლებელი.
გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება.
პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც ერთთვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - უთხრას თანხმობა ან უარი.
ცვლილებები შეეხო ქვეყანაში ფაქტობრივად მოქმედ უცხოურ ორგანიზაციებს, ასევე უცხოური კომპანიების ფილიალებსა და წარმომადგენლობებს.
კანონით განისაზღვრება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას.
კანონის თანახმად, ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას - 6 წლამდე ვადით.
ამასთან, ახალი წესების თანახმად, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება.
ცვლილების თანახმად, ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
პროექტის კიდევ ერთი სიახლე გახდა კანონმდებლობაში ცნება „გარე ლობირების“ დანერგვა.
კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა სხვა კანონებშიც.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას.
ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
ყველა ახალი ამბავი
0