გადატვირთვა დაიწყო? საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში იმყოფება

ნიკოლოზ სამხარაძე და ბრენდან ჰანრაჰანი
ნიკოლოზ სამხარაძე და  ბრენდან ჰანრაჰანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2026
გამოწერა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების შეხვედრები როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ სტივ დეინსთან და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორ ბრენდან ჰანრაჰანთან, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დელეგაციაში, რომელსაც ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, ასევე შედიან პარლამენტის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი. დეპუტატები შეხვედრებს გამართავენ როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრენდან ჰანრაჰანს დავუდასტურე ჩემი მზადყოფნა, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა განიხილეს რიგი საკითხები, როგორიცაა: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება, საფრთხეები და უსაფრთხოების პრობლემები შავი ზღვის რეგიონში, ასევე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა.
მარიამ ლაშხის თქმით, სენატორმა სტივ დეინსმა დადებითად შეაფასა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკური დიპლომატიისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის როლს და საქართველოს, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი აქტორის მნიშვნელობას. ასევე, განვიხილეთ მისი ვიზიტი საქართველოში“, – განაცხადა ლაშხმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დაგეგმილი შეხვედრები აშშ-ის მხრიდან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ პოზიტიური სიგნალია. ამასთან, ლაშხის თქმით, ვაშინგტონი ადრე რეგიონს ეკონომიკური პოტენციალის თვალსაზრისით არ განიხილავდა, ახლა კი თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაციაა, რომელიც ეკონომიკურ დიპლომატიაზეა ორიენტირებული.
როგორც პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, სენატორთან საუბარი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.
„აშშ-სთან ურთიერთობებში ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება — რეალური პარტნიორობის და არა უბრალოდ ფორმალურის. აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვანია აშშ-სთვის და საქართველო ამ რეგიონთან მჭიდრო კავშირების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს“, - განაცხადა სეფაშვილმა.
დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული სახელმწიფოების ალიანსის კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0