საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

© AFP 2024 / ANGELOS TZORTZINISსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
სააგენტოს ცნობით, საქართველოს მოქალაქის მობილურ ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, იუყწება ქართული მედია სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
გავრცელებუი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სპეცსამსახურებმა კრეტაზე მდებარე სუდას სამხედრო-საზღვაო ბაზის სიახლოვეს არაერთხელ შენიშნეს, რომელიც აშშ-ის ავიამზიდ USS Gerald Ford-ის გადაადგილებას აკვირდებოდა და ფოტოებზე აღბეჭდავდა. იგი საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მისი დაკავება ათენის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს ციფრული მტკიცებულებების შესწავლა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ბაზა ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს - სუდას ყურეში განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო ობიექტები. ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, რომელიც შემდეგ ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.
სააგენტო, საბერძნეთის დაზვერვის სამსახურიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.
საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში განთავსდა - იგი ეჭვმიტანილის სტატუსით უკვე დაკითხეს.
2025 წლის ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთ კრეტაზე მდებარე სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ბაზის სიახლოვეს ცხოვრობდა.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანზე დარტყმები განახორციელეს, ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ხელისუფლება იძიებს, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0