სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი მიულოცეს

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიყვავილის თაიგული
ყვავილის თაიგული - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ და ის სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ესტუმრნენ, დედის დღესთან დაკავშირებით ყვავილების თაიგული მიართვეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის მისალოცი ბარათები გადასცეს.
დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა, მათ კი სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.
დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა ათი წლის შემდეგ, 2002 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.
შესაბამისად, საქართველოში ახლა ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი, და ორივე არასამუშაო დღედ არის გამოცხადებული.
ყველა ახალი ამბავი
0