მახაშვილი: საქართველოს არ სურს აშშ-სთან ურთიერთობების ნებისმიერ ფასად აღდგენა

© Courtesy of Levan Makhashviliლევან მახაშვილი
ლევან მახაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და თანასწორი პირობებით სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმოს
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა არა ნებისმიერ ფასად, არამედ ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის ნიადაგზე სურს, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც 4-5 მარტს გაიმართება.
„ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების ნებისმიერ ფასად აღდგენა, თორემ ეს აქამდე მოხდებოდა. ჩვენ ურთიერთობის აღდგენა გვინდა ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის ნიადაგზე და ამ ნაწილში ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, გვიჩენს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ამის გაკეთებას შევძლებთ”, - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, ქართული მხარე აშშ-ში ვიზიტს განიხილავს, როგორც ურთიერთობების აღდგენისკენ წინ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მზადაა იმდენ ხანს დაელოდოს ურთიერთობების აღდგენას საკუთარი პირობებით, რამდენადაც ეს საჭირო იქნება.
„ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენი ხანიც დასჭირდა ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, არა ემოციურად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა”, - განაცხადა მახაშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0