ქვრივიშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის" შეუცვლელი მონაწილეა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2026
გამოწერა
დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს მინისტრთა მე-12 სხდომა და „მწვანე ენერგეტიკის“ საკონსულტაციო საბჭოს მინისტრთა მე-4 სხდომა იმართება.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის" მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს მინისტრთა მე-12 სხდომა და „მწვანე ენერგეტიკის“ საკონსულტაციო საბჭოს მინისტრთა მე-4 სხდომა იმართება.
სხდომაზე მთავარი თემა იყო პროექტის სტრატეგიულ როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გათვალისწინებით. მონაწილეებმა განიხილეს მილსადენის გამტარუნარიანობის გაფართოებისა (TANAP, TAP) და „მწვანე ენერგეტიკის" განვითარების საკითხი.
ქვრივიშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა, უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის, აღნიშნულ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილე და ასევე სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო მდებარეობს რა მსოფლიოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, მომხმარებელ და მიმწოდებელ ქვეყანათა გადაჯაჭვული ინტერესების ეპიცენტრშია. მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში.
„ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც. ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველომ უკვე გამოავლინა ურყევი მხარდაჭერა რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ.
„ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია განვიხილოთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და მივესალმოთ თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ სექტორში ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შექმნას და დააკმაყოფილებს მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში თუ მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხი ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს მომხდარი კონფლიქტის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
ევროპაში გაზის ფასები ზედიზედ მეორე დღეა იზრდება, რადგანაც გაზის საცავებში მარაგი უჩვეულოდ დაბალია, რეგიონს კი ამ ზაფხულს თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი მოცულობის იმპორტი სჭირდება, რათა მომავალ ზამთრამდე მათი შევსება შეძლოს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის თხევადი ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს აზიის ქვეყნები ყიდულობენ, ნებისმიერი შეფერხება გაზრდის კონკურენციას ალტერნატიული მომარაგებისთვის, რაც გლობალურად, მათ შორის ევროპაში, ფასების ზრდას გამოიწვევს.
27 თებერვლიდან ევროპაში ფასები დაახლოებით 70%-ით გაიზარდა, რაც 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.
3 მარტის დილით, ევროპულ TTF ჰაბზე გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 704 დოლარს მიაღწია, ორშაბათს კი ვაჭრობა 531 დოლარის ნიშნულზე დაიხურა.
ყველა ახალი ამბავი
0