საჩხერეში წითელი ნუსხით დაცულ ხეები მოჭრეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2026
გამოწერა
საქართველოში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერეში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადგილობრივმა მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა „წითელი ნუსხით" დაცული ოთხ კუბურ მეტრამდე წაბლის სახეობის სამასალე მერქანი. გარემოზე მიყენებული ზიანი 4 ათას ლარს შეადგენს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, ხის მასალა კი საჩხერის „საქმიან ეზოშია" გადატანილი.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა სააგენტოსთვის პრიორიტეტია. ბოლო წლებში სამართალდარღვევის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი 31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა.
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0