როგორ მიმდინარეობს იყალთოს საეკლესიო არქიტექტურულ კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები

© SPUTNIK/ МЕЩЕРЯКОВიყალთოს აკადემია და წმინდა ზენონის მონასტერი
იყალთოს აკადემია და წმინდა ზენონის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2026
გამოწერა
შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის რეაბილიტაციისთვის სამი მილიონი ლარი გამოიყო.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო არქიტექტურული კომპლექსის ფერისცვალების გუმბათოვანი ეკლესიისა და აკადემიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, იუწყება კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.
შუა საუკუნეების დროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.073,219 ლარის გამოყოფის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 2024 წელს განაცხადა.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერისცვალების ეკლესიის ტაძრის კალთებზე სპილენძის გადახურვისა და სარტყლის მოწყობა, ტაძრის ინტერიერში გვიანდელი შელესილობისა და შეღებილი ნაწილების მოხსნა; ბზარების დაკერვა, დაჩანგვლა და ინექცირება, ჩატარდა საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები, გუმბათზე მოეწყო სპილენძის გადახურვა და სარტყელი", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აკადემიის შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა მცენარეული საფარი; გადაეწყო გალავნის კედელი და მოიხსნა მორყეული ქვები. მიმდინარეობს გალავნის მიმდებარედ მიწის მოჭრა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები.
„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართულია რეაბილიტაციის პროცესში. ხელისუფლება და ჩვენი ეკლესია ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უდიდესი ძეგლი გადავარჩინოთ. მზად ვართ, რომ მას არასდროს მოვაკლოთ ყურადღება", - განაცხადა რუხაძემ.
იყალთო
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში დააარსა. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.
იყალთოს აკადემიის პირველი რექტორი იყო არსენ იყალთოელი, რომელიც აქ გელათიდან გადმოსულა. იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას("მეკეცეობა"), მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ.
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მათ შორის აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია „ღვთაება“ (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება.
ყველა ახალი ამბავი
0