საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

© photo: Sputnik / Mariya Devakhina აშშ-ის დროშა
 აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2026
გამოწერა
დელეგაციის წევრები იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.
თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს აშშ-ში ვიზიტით გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„შესაძლებლობა გვექნება, ანალიტიკურ ცენტრებში საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ დისკუსიები გავმართოთ. ველოდებით, რომ ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, რითაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვაში წვლილს შევიტანთ. მთავარი ამოცანაა, ურთიერთობები გადაიტვირთოს და არა მხოლოდ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ უფრო მეტი შინაარსით დაიტვირთოს“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამასთან, სამხარაძემ რესპუბლიკელი კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში მიწვევის შესახებ ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ კონგრესმენი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაახლოებული პირია.
„რაც შეეხება ანა პაულინა ლუნას, ის ე.წ. მაგა მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრია. ეს მოძრაობა დაკავშირებულია ჩარლი კირკის ფონდთან. ყველამ კარგად ვიცით, ჩარლი კირკი როგორ ახლოს იყო ამერიკის პრეზიდენტთან და მის გუნდთან. ამიტომ თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ქალბატონი პრორუსია, მაშინ შეუძლიათ, იგივე შეფასება ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე გააკეთონ, რადგან ეს ადამიანი დაახლოებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა სამხარაძემ.
დელეგაციის წევრები იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი და ამავე კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0