„ქართული ოცნება“: საქართველოში მართალ სიტყვას ვერავინ ჩაახშობს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2026
გამოწერა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული მაუწყებლისთვის სანქციების დაწესება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმის რეალური მოტივი იყო დისკრედიტებული ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა - საქართველოში მართალ სიტყვას ვერავინ ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას, ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცნო.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
„დიდმა ბრიტანეთმა ორ წამყვან ქართულ მაუწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ტრაგიკულია, ხოლო, მეორე მხრივ, კომიკურიც, გამომდინარე ოფიციალური მიზეზიდან, რომელიც სანქციის დაწესების საბაბად იქნა გამოყენებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერი მიიჩნევს, რომ გარე ძალების სამსახურში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პატრონების დავალებების ვერშესრულების გარდა, არაფერი აწუხებს.
„ამ ადამიანებს სიტყვა „უსამშობლო“ ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანულ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. სინამდვილეში, მათ აქვთ ერთადერთი მოტივაცია - მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პატრონებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე და ქართული საზოგადოების ინფორმირებაზე თქვას უარი.
„ამ ფონზე გამორჩეულად კომიკური და ტრაგიკულია ის სიხარულის ყიჟინა, რომელიც უსამშობლო, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სახელმწიფოს განცდის არმქონე ადამიანებმა მედიის თავისუფლებაზე უცხოური თავდასხმის მიმართ გამოხატეს. ეს რეაქცია საუკეთესო ლუსტრაციაა იმისა, თუ რა ღირებულებითი სისტემის მქონე ადამიანებთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა მან.
მთავრობის მეთაურმა საგარეო უწყებაში ბრიტანეთის ელჩის გარტ უორდის დაბარებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ის, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრთან შეხვედრაზე ხელცარიელი მივიდა, არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრალდებები იყო აბსურდული და რეალურად, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ბრიტანული ბიუროკრატიის მიერ გამოტანილ დასკვნას“.
როგორც ადრე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფო უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მყოფი ტელევიზიების დაცვას, რათა მათ შეზღუდვების გარეშე მუშაობა შეძლონ. „იმედი“ და „პოსТV“ შეინარჩუნებენ ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმს, დასძინა პრემიერმა.
დღეს ტელეკომპანია „იმედმა" განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მედიაჰოლდინგის ახალმა დამფუძნებლებმა საქართველოში საკუთარი კომერციული ბანკის - „იმედის ბანკის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს - ბანკის გახსნა, პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერითა და ყველა საჭირო პროცედურის დაცვით, რამდენიმე თვეში იგეგმება.
სანქციების დოკუმენტის მიხედვით, Imedi და POSTV „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
დღეისთვის დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში საქართველოს 13 მოქალაქე და ორი ტელეკომპანია - Imedi და POSTV-ია. სანქციების სიაში შეყვანილ პირთა უმრავლესობა ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები არიან, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების დაწესების მიზეზად დასახელდა თბილისში გამართული საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევა.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0