კობახიძე: საქართველოს მიმართ აშშ-ის დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2026
გამოწერა
მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ „ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი“.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ღირებულებითი თანხვედრის ფონზე საქართველოს მიმართ აშშ-ის დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია და არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, სადაც შემხვედრი ნაბიჯები იქნება გაწერილი.
„ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ე.წ. დიფ სთეითის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება. ამის საუკეთესო დასტური საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება იქნება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულების ცვლილება დაადასტურებს, რომ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა არა მოჩვენებითი მოვლენა და არაფორმალური ძალების რებრენდინგის მცდელობა, არამედ გულწრფელი და რეალურია.
„ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს. ყველაფერს უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი“, - დასძინა კობახიძემ.
თებერვალში გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პასუხი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებულ კითხვაზე. პასუხის თანახმად, აშშ გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, ასევე განიხილავს იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ღიაა კონსულტაციებისთვის და ელოდება აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვას, რომელიც ორ ქვეყანას ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში დააბრუნებს.
ბოჭორიშვილის თქმით, ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით უკვე გაიმართა დისკუსიები და იგეგმება ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
„მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უკვე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში და იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ გადაიხედოს ის მდგომარეობა და ის მემკვიდრეობა, რაც დღეს არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0