ომიაძე: 2026 წელი ტურიზმის თვალსაზრისით წარმატებული იქნება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2026
გამოწერა
საქართველომ 2025 წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობითა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რეკორდი მოხსნა.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე 2026 წელი საქართველოსთვის წარმატებული იქნება როგორც ტურიზმიდან შემოსავლების, ისე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
საქართველომ 2025 წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობითა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით რეკორდი მოხსნა.
„ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელი ასევე ძალიან წარმატებული იქნება როგორც შემოსავლების, ისე საერთაშორისო მოგზაურობის ნაწილში. ამისთვის წელს ფართომასშტაბიანი გეგმები გვაქვს მარკეტინგული კამპანიების კუთხით არა მარტო სამიზნე, არამედ ახალ ბაზრებზეც. ამასთან, ვაპირებთ ძალების მოსინჯვას კერძო სექტორთან ერთად“, - განაცხადა ომიაძემ.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაასახელა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები პრიორიტეტულ ბაზრებად, რომელთა მოქალაქეები საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურები.
2025 წლის წარმატებები
2025 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველოს შემოსავალმა დაახლოებით 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა. 2025 წელს ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს - 697,3 მლნ დოლარი. ხარჯების მიხედვით ქვეყნების ხუთეულში შედიან ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები.
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 5 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება.
2025 წელს საქართველომ 7,8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რომელთაგან 5,5 მილიონი ტურისტი იყო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი, თითქმის 1,6 მილიონი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, რაც 2024 წელთან შედარებით 11,1%-ით მეტია. ხუთეულში ასევე მოხვდნენ თურქეთის, სომხეთის, ისრაელის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0