ბოჭორიშვილი: ტელეკომპანიების დასანქცირების თაობაზე ელჩისგან არგუმენტი არ მომისმენია

© photo: Sputnik / Stringer მაკა ბოჭორიშვილი
 მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2026
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდროპი საგარეო უწყებაში ქართული ტელეკომპანიების - Imedi-სა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძვლებთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდროპი საგარეო უწყებაში ქართული ტელეკომპანიების - Imedi-სა და POSTV-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაცემად დღეს დილით დაიბარეს. ელჩმა შენობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს.
„კონკრეტული მაგალითები მე ელჩისგან არ მომისმენია. 40 წუთის განმავლობაში არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ელჩს არ წარმოუდგენია არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რას ეფუძნება შეფასებები, რომ საქართველო ასუსტებს უკრაინას, ან რაღაც ფორმით ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები. იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ. თუმცა რომ გითხრათ, საამისო მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მმართველ პარტიაში დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ქართული ტელეკომპანიების სანქცირებულთა სიაში შეტანას არასამართლიანი და სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევა უწოდეს.
როგორც „ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოსაზრებით, ორივე ტელეკომპანია „ავრცელებდა და ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში კონფლიქტის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას".
ოპოზიცია ქართული ტელეარხების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სანქციები სერიოზულ გავლენას მოახდენს ტელეკომპანიების საქმიანობაზე.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0