რა აჩვენა საქართველოს შრომის ბაზრის კვლევამ? დეტალები მთავრობისგან

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2026
გამოწერა
შრომის ბაზრის კვლევამ გამოავლინა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, სადაც კადრების მწვავე დეფიციტი შეიმჩნევა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად უმაღლესი სასწავლებლების 14,4 ათასი კურსდამთავრებული სჭირდება. ასეთ დასკვნამდე მივიდა ქვეყნის მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის შედეგად.
კერძოდ, კვლევაში გაანალიზებულია ბოლო ხუთი წლის მანძილზე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მონაცემები და იმ სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელსაც წლის მანძილზე ბიზნეს-სექტორი და მთავრობა წარადგენს.
„დღევანდელი რეალობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, საჭირო მაჩვენებელი წელიწადში 14,4 ათასი კურსდამთავრებულია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მაგალითად, თუ იურიდიულ სფეროს ავიღებთ: ამჟამად 3600 ადამიანი აბარებს მაშინ როცა, ბაზრის კვლევის თანახმად, მოთხოვნა დაახლოებით 700 იურისტზეა. თუმცა, აბიტურიენტების მხრიდან მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ხელისუფლებას მისი იგნორირება არ შეუძლია, განაცხადა პრემიერმა.
შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ეტაპობრივად აღნიშნული მაჩვენებლის 700-მდე დაწევის შესახებ, რათა ამან არ გამოიწვიოს სერიოზული დისბალანსი აბიტურიენტებში არსებულ მოთხოვნებსა და ჩარიცხვას შორის.
„ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებში წესით 14,4 ათასი სტუდენტის ჩარიცხვაა საჭირო, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში 21,3 ათას სტუდენტზე გამოცხადდება მიღება. შესაბამისად 50%-ით ვაჭარბებთ იმ ოპტიმალურ მაჩვენებელს, რაც მოგვცა შრომის ბაზრის ანალიზმა. ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ სრულ დაახლოებაზე შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელს შორის", - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, დასაქმებულთა მხოლოდ 60%-ს სჭირდება დიპლომი სამუშაოდ. „რეალურად, დასაქმებულთა 40%-ს სჭირდება პროფესიული განათლება, ამიტომაც ისინი დასაქმებულები არიან შესაბამის სფეროებში“, - დასძინა კობახიძემ.
„ჩვენ შევისწავლეთ დასაქმებულებზე მოთხოვნის ზრდა 5-წლიან პერსპექტივაში და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც უმაღლესი განათლება სჭირდებათ შრომის ბაზარზე შესასვლელად, შეადგენს 64 095-ს. აქედან 42.316 კურსდამთავრებულის საჭიროება არის კერძო სექტორში, ხოლო 21.779-ის საჯარო სექტორში", - აღნიშნა პრემიერმა.
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები
შრომის ბაზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, სადაც კადრების მწვავე დეფიციტი შეიმჩნევა, არის:
საშუალო სკოლის მასწავლებელი – 6 149 ადგილი
გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი – 4 716 ადგილი
ექთნის დამხმარე სპეციალისტი – 2 781 ადგილი
ექიმი-სპეციალისტები – 2 701 ადგილი
მშენებლობის მენეჯერები – 1 710 ადგილი
პროგრამისტები – 1 691 ადგილი
პროფესიული განათლების მასწავლებლები – 1 655 ადგილი
მშენებლობის ზედამხედველები– 1 299 ადგილი
ელექტროტექნიკოსები – 1 124 ადგილი
მომარაგების და დისტრიბუციის მენეჯერები – 1 008 ადგილი.
ამასთან, ბაზრის კვლევის თანახმად, შრომის ბაზარზე ნულოვანი მოთხოვნაა ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა ფილოსოფოსი და ერგოთერაპევტი. ასევე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება ისეთ პროფესიებში, როგორიცაა სოციოლოგი, არქეოლოგი, გეოინჟინერი და მხატვარი.
როგორ ჩატარდა კვლევა
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, განაცხადა პრემიერმა.
„გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორიც არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი“, – განაცხადა კობახიძემ.
კვლევის ფარგლებში მთლიანობაში გამოიკითხა 12,5 ათასი საწარმო - მათგან 470 მსხვილი საწარმო, 1.752 საშუალო და 10,2 ათასი მცირე საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
„იქედან გამომდინარე, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი, 0,49% - ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა, რომელმაც მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ასევე შეისწავლეს შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება სექტორების მიხედვით - სად რამდენი ადამიანია დასაქმებული და სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა სექტორების მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0