ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის მაღალჩინოსნები დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2026
გამოწერა
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი და მერიის ორი მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, დაკავებულები არიან არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ ტვილდიანი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი გულბანი - საქმე ეხება ყოფილი მერის კერძო ბიზნესინტერესების სასარგებლოდ კანონდარღვევით გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და მფარველობას.
გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ სასტუმროს აშენების მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი, რომელიც არ შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, კერძოდ, განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს.
უწყების ცნობით, ონიანმა მერიის არქიტექტურის სამსახურს სამშენებლო ნებართვისთვის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით მიმართა. არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნუგზარ ტვილდიანმა და თავად მერმა გვერდი აუარეს „განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ და სამშენებლო კოდექსს. გარდა ამისა, ნებართვა გაიცა ისე, რომ საკითხი არ იყო შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობდა.
პროკურატურის ცნობით, სასტუმროს მშენებლობის პროცესს ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებდა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი, გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა გასცდა ნებადართულ ფარგლებს და შეიჭრა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში, ზედამხედველობის სამსახურს სამუშაოები არ შეუჩერებია და ყოფილ მერს უკანონო მშენებლობის გაგრძელების საშუალება მისცა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0