კალაძე: უცხოელების დასაქმებაზე საქართველოში იგივე დამოკიდებულება უნდა იყოს, რაც ევროპაშია

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2026
გამოწერა
2026 წლის გაზაფხულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში სამუშაოდ ოფიციალური ნებართვა დასჭირდება.
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. მნიშვნელოვანია, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისადმი იყოს ისეთივე დამოკიდებულება, რაც ევროპულ ქვეყნებშია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთა დასაქმების პროცედურების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის გაცემა 2026 წლის 1-ელი მარტიდან დაიწყება, ამისთვის აუცილებელია დარეგისტრირება და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. ქართულ კომპანიებში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დამსაქმებელი არეგისტრირებს, სხვებმა კი რეგისტრაცია თავად უნდა გაიარონ.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიდიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, არ არსებობს შანსი, რომ ბინადრობის მოწმობის გარეშე ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მუშაობის დაწყება შეძლონ. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც 1-ელი მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ შევა, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს.
შრომითი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება
ხელისუფლება შრომითი მიგრაციის დარეგულირებას გეგმავს. კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა. ოფიციალურად, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს სრულად აეკრძალებათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
სხვა პოზიციებზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დასასაქმება ადგილობრივ დამსაქმებელს იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ იგი დაასაბუთებს რატომ არის კონკრეტულ პოზიციაზე მიუღებელი საქართველოს მოქალაქის კანდიდატურა.
მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის, ვინც საქართველოში ინდმეწარმედაა რეგისტრირებული, მოეთხოვება სამუშაო ნებართვის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი და მათი დამსაქმებლები დაექვემდებარებიან დაჯარიმებას, სახელმწიფოს კი უფლება ექნება კანონდამრღვევი პირის დეპორტაცია განახორციელოს.
უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1-ლი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია. საფასურის ოდენობაა 200 ლარი, დაჩქარებული განხილვა კი - 400 ლარი.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.
ყველა ახალი ამბავი
0