პაპუაშვილი: იუნკერების თავდადება და გმირობა არასოდეს იქნება დავიწყებული

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2026
გამოწერა
საქართველოში 23 თებერვალს იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
23 თებერვალს 1921 წლის 17-24 თებერვალს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იუნკერების თავდადება და გმირობა არასოდეს იქნება დავიწყებული.
„დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში დღეს არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების პირობებში საჭიროა სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, „რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები".
„და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავისმსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, რასაც წინ ქალაქის მისადგომებთან სისხლისმღვრელი ბრძოლები უძღოდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბრძოლა დაბა ტაბახმელასთან, სადაც მომხდურს წინააღმდეგობას ქართველი იუნკერები უწევდნენ. იუნკერები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. თბილისში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გაიქცა, დედაქალაქში კი სახალხო კომისართა საბჭო ჩამოყალიბდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დამყარდა.
ყველა ახალი ამბავი
0