საბოტაჟის საქმე: ნიკა გვარმიას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე პოლიტიკოსმა განაცხადა, იგი მზადაა მისთვის შეფარდებულ გირაო გადაიხადოს.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას ე.წ. საბოტაჟისა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გამოაცხადა.
გირაოს შეფარდების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გვარამიას ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა. პოლიტიკოსს ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე გვარამიამ განაცხადა, რომ მზადაა მისთვის შეფარდებულ გირაო გადაიხადოს.
2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, პარტია „ახალის“ ლიდერებს - ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაც მათ 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩაიდინეს.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეფარდებული ჰქონდათ გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი სასამართლომ - თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო რვათვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მან საპატიმრო დაწესებულება 12 თებერვალს დატოვა.
საბოტაჟის საქმე
პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილს წარედგინა ბრალდება მუხლით „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება“, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას წარედგინა ბრალდება საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
პარტია „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას და ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი საბოტაჟში ედებათ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით:
უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის შესახებ;
აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ,
ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად;
გარდა ამისა, სანქციების დასაწესებლად უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, შედეგად სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.
2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.
აფინანსებდნენ მომიტინგეთა უკანონო ქმედებებს აქციებზე, რომლებიც 2024 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ აგორდა.