1-ელი მარტიდან უცხოელებს რიგ პროფესიებში დასაქმება აეკრძალებათ: დეტალები

© photo: Sputnikმამაკაცი კაფეში
მამაკაცი კაფეში - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2026
გამოწერა
გაზაფხულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დასჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1-ელი მარტიდან სპეციალური დადგენილებით ქვეყანაში სრულად შეზღუდა რიგ პროფესიებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება.
ამგვარად, 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დასჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ამ მომენტიდან ასევე ამოქმედდება შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე.
კერძოდ, უცხოელებს სრულად აეკრძალებათ დასაქმება საკურიერო გადაზიდვებზე, მგზავრების გადაყვანაზე, მათ შორის ტაქსით, ასევე ტურისტული გიდების მომსახურების სფეროში.
ამასთან, საუბარია არა მხოლოდ შრომით, არამედ ამ სექტორში სამეწარმეო საქმიანობაზეც. თუმცა, გამცილებლებად, მათ შორის მოთხილამურე გიდებად 2026 წელს მუშაობის უფლება მხოლოდ 200 ადამიანს ექნება.
სხვა სფეროებში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასასაქმებლად, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი.
იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურების მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს.
ამასთან, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურების დასაქმებაზე უარის თქმის მიზეზი.
სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს.
მხოლოდ სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეეძლება ადგილობრივ დამსაქმებელს უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიქირავოს და დაარეგისტრიროს.
სასჯელის ზომა
საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესის დარღვევა ფულადი ჯარიმას დაექვემდებარება
ნებართვის გარეშე შრომითი მიგრანტის დასაქმება დაექვემდებარება ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (თითოეული შრომითი მიგრანტისთვის).
ჯარიმის სახით ასევე 2 ათასი ლარი დაეკისრებათ თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც სამუშაო მებართვის გარეშე მუშაობენ.
გარდა ამისა, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენაზე უარის თქმა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში ითვალისწინებს 1-დან 7 ათას ლარამდე ჯარიმას.
ნებისმიერი სხვა დამსაქმებელი, მათ შორის პირი, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 1 ათასი ლარით.
თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 ათასი ლარია.
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ სამუშაოს ან საქმიანობის შეცვლა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
მრავალჯერადი დარღვევა დაექვემდებარება ჯარიმას ორმაგი ან სამმაგი ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0