ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2026
გამოწერა
ელისო კილაძესა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ე.წ ქოლ-ცენტრების მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების განცხადებით, „ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე დღეს დილით სწორედ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.
ბრალი წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებსაც - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც, უწყების ცნობით, „ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.
პროკურატურის ცნობით, 2020-2023 წლებში ქვეყანაში არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური „ქოლ-ცენტრი". მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული „ქოლ-ცენტრების" დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო „ქოლ-ცენტრების" შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. ქოლ-ცენტრების ოპერატორები მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, „ქოლ-ცენტრის" უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. დაუმორჩილებელი კონკურენტების საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.
კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ „ქოლ-ცენტრის" გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს „ქოლ-ცენტრის" გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.
ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები - გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას.
რაც შეეხება ელისო კილაძეს, უწყების მტკიცებით, ის „ქოლ-ცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე ავრცელებდა და უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.
„ამავდროულად, იმ კონკურენტი „ქოლ-ცენტრების" მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაწეული საქმიანობისათვის, გავლენის და საინფორმაციო მფარველები ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.
2020-2023 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.
უწყების ცნობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით ვირტუალური აქტივები მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.
ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0