პარლამენტმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2026
გამოწერა
„გრანტების შესახებ“ კანონში ასახული ზოგადი წესის თანახმად, გრანტის გაცემისას თავად გრანტის გამცემი სუბიექტია ვალდებული, რომ გრანტზე თანხმობის მოპოვებისთვის მთავრობას მიმართოს.
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.
ამ მიმართულებით ცვლილებები შედის შემდეგ კანონებში: - „გრანტების შესახებ“ კანონი, „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.
საკანონმდებლო პაკეტი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო განხილვის ფარგლებში დაკორექტირდა.
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით „გრანტის“ ცნება ფართოვდება. ამასთან, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, პროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად, ჩაიწერება, რომ შეზღუდვა ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს არ შეეხება.
„გრანტების შესახებ“ კანონში ასახული ზოგადი წესის თანახმად, გრანტის გაცემისას თავად გრანტის გამცემი სუბიექტია ვალდებული, რომ გრანტზე თანხმობის მოპოვებისთვის მთავრობას მიმართოს.
პლენარულ სხდომაზე უმრავლესობამ დააყენა საკითხი, რომ საჯარო სახელმწიფო დაწესებულებებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვას და მათ შემთხევევაში გრანტზე ნებართვის მოპოვებისთვის მთავრობას გრანტის გამცემის ნაცვლად, გრანტის მიმღებმა მიმართოს. აღნიშნული შეთავაზება ინიციატორმა გაიზიარა.
კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
ასევე, თუ ფულადი სახსრები იხარჯება საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, გატარებასა ან შეცვლაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე, ასევე საქმიანობაზე, რომელიც გამომდინარეობს უცხოური სახელმწიფოს მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან.
გრანტის მიმღებად, ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ. თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, გრანტს თანხმობის გარეშე მიიღებს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ ერთთვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც ერთთვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - უთხრას თანხმობა ან უარი.
ასევე შეიცვალა „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტიც. პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
გარდა ამისა, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს: საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სისტემატურად, საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, თუკი ეს მოწოდებები მიმართულია - საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა, ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც პროექტში აისახა ის არის, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ისე „დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს“.
გარდა ამისა, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0