საერთაშორისო გამოწვევები, შიდა პოლიტიკა და საქართველოს მიზნები: რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა?

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2026
გამოწერა
ყაველაშვილმა შეაფასა განვლილი წელი, გამოკვეთა ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები და განსაზღვრა მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. გასული წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა, რომელშიც საქართველომ განსაკუთრებული პოზიცია დაიკავა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა 2025 წლის შედეგები შეაჯამა და ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები დაასახელა.
„2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხისტ ძალას. გასულ წელს საქართველოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელზეც ბოლო წლებშივსაუბრობდით, რეალური აღმოჩნდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველო „უმძიმეს ზეწოლას“ განიცდის. თუმცა, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებითა და ღრმად ფესვგადგმული ღირებულებებით პასუხობს.
„იმ ფაქტმა, რომ ამ ზეწოლას გავუძელით, საგრძნობლად გააძლიერა როგორც ჩვენი სახელმწიფო, ისე ჩვენი საზოგადოება. შედეგად, დღეს, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ფონზე, ნებისმიერ გამოწვევას კიდევ უფრო გამოცდილი და გაძლიერებული შევხვდებით", - განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ყაველაშვილის თქმით, საქართველო პრაგმატულ და მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ემხრობა, რომლის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.
„საქართველო მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას ატარებს და ეს ჩვენ საქმითაც დავამტკიცეთ, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტური ქმედებების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან.
„ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ უჭირთ იმასთან შეგუება, რომ საქართველო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ უნდა შეასრულოს მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები. მათ მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფოა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, საქართველო მზადაა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ჩვენს შეხედულებებს შორის ბევრი მიმართულებით თანხვედრა არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, განსაკუთრებით იმ რთული და არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რა ხდება ქვეყნის შიგნით
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და გარე ზეწოლის ფონზე, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, ჩვენი საზოგადოებისთვის აშკარა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონდა“, - ამტკიცებს პრეზიდენტი.
მისი თქმით, 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებული მოვლენები „ღიად იყო პროვოცირებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ“.
„4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. საგანგაშოა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული ძალადობრივი აქტი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ფაქტობრივად, ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ. ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ამგვარი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შეიძლება იყოს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში" ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებმა შეასრულეს, რისთვისაც მათ სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხად
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ რომ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია პოლიტიკური ველის გაჯანსაღება.
„ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა კი აზრთა სხვადასხვაობის და ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ საკითხზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე დებატების წახალისებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების შეხედულებებზე.
„ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნული ინიციატივა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციული კამპანიების მავნე გავლენის შემცირებას, მეორე მხრივ კი, ხელოვნურად თავს მოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიძლება, გახდეს“, – განაცხადა ყაელაშვილმა.
მთავარი მიზანი
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გრძელვადიანი წარმატების მიღწევა განათლებული და პასუხისმგებლიანი საზოგადოების გარეშე შეუძლებელია.
„სახელმწიფოს მიზანი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება უნდა იყოს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს, სამშობლოს სიყვარულს, ჩვენი წარსულისა და აწმყოს გააზრებას დაეფუძნება და, თანამედროვე გამოწვევების პირობებში, საქართველოს წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, განათლების სისტემა, ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, მომავალ თაობას საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ადრეული ასაკიდანვე უნდა აზიარებდეს.
„სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების, ფაქტობრივად, მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნა ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0