პეტრე მამრაძე პარტია „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ შეუერთდა

© photo: Sputnik / Stringerპეტრე მამრაძე
პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2026
გამოწერა
მამრაძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეროვნული ინტერესების დამცველ, ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ქართველი პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე პარტია „ერთიან ნეიტრალური საქართველოს“ შეუერთდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
პოლიტიკოსის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოში ეროვნული ინტერესების დამცველი კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა დემოკრატიის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი პირობაა.
„სამწუხაროდ, საქართველოში ობიექტური მიზეზების გამო, ცხადია, ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიცია. მის ნაცვლად არიან ანტიქართული, ანტიეროვნული ძალები, რომლებიც უტევენ ხელისუფლებას. ხელისუფლებას ნაცვლად ოპოზიციასთან კონკურენციისა, რაც იქნებოდა ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, უწევს ამ იერიშების მოგერიება, შეტევების“, - განაცხადა მამრაძემ.
მამრაძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეროვნული ინტერესების დამცველ, ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, პეტრე მამარაძე, თავისი გამოცდილებითა და ინტელექტუალური რესურსით, მნიშვნელოვნად გააძლიერებს პარტიას.
მისი თქმით, პარტია სტრუქტურების მშენებლობას აგრძელებს, დაგეგმილია რეგიონული წარმომადგენლობების გახსნაც.
„ვმოქმედებთ იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნებისთვის ჩვენი პარტია სრულყოფილად მომზადებული წარდგეს ქართველი ამომრჩევლის წინაშე“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის წლის ივლისის დასაწყისში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების ოპონენტებმა დააფუძნეს. კერძოდ, მოძრაობა დააარსა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან საქართველოს პარლამენტის ექს-დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
მოძრაობა 2025 წლის დეკემბერში პარტიად გარდაიქმნა და აპირებს, მონაწილეობა მიიღოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ყველა ახალი ამბავი
0