თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2026
გამოწერა
ტრამვაის ხაზი დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროს სადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის გაყვანის 416 მლნ ლარიანი ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.
ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე პირველი ტენდერი გასული წლის 23 ოქტომბერს გამოცხადდა. ტენდერი დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მოგვიანებით წინადადებების წარდგენის ვადები 2026 წლის 16 თებერვლამდე გადაიწია. თუმცა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი 13 თებერვალს გამოაცხადა.
სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, წინა ტენდერი შეწყდა საპროექტო დოკუმენტაციის ბუნდოვანების გამო, რადგანაც საერთაშორისო საინჟინრო კომპანიებმა დააყენეს მრავალი საკითხი რომლებიც გარკვევას საჭიროებდა, შესაბამისად ახალი ტენდერი დაზუსტებული დოკუმენტაციით გამოცხადდა.
კერძოდ, შეკითხვები ეხებოდა ხე-მცენარეების ტაქსაციას (გადარგვას), ტრამვაის გაჩერებების ადგილას საავტომობილო გზებზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობას, ესტაკადების მოწყობას.
კომპანიებს ახალ ტენდერში წინადადებების წარდგენა 2026 წლის 31 მარტამდე შეეძლებათ.
ტენდერის ღირებულება უცვლელია - გამარჯვებულ კომპანიას 7,5 კმ სიგრძის ხაზის გაყვანაში, დეპოსა და 11 გაჩერების მოწყობაში 416.592.000 ლარს გადაუხდიან.
ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროს სადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან. ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი ბოლო გაჩერება მეტროს სადგურ "დიდუბის" მიმდებარედ იქნება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7,5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.
ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი.
რას ითვალისწინებს პროექტი
საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.
ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.
ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.
მგზავრთა კომფორტი: ტრამვაის გაჩერებებზე და ვაგონებში განთავსდება ინფორმაციული ეკრანები (PIS), ხმოვანი შეტყობინების სისტემა (PA), და ვიდეომეთვალყურეობა (CCTV).
OCC (Operations Control Center): ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი უზრუნველყოფს ტრამვაის მოძრაობის, უსაფრთხოების, და საინფორმაციო სისტემების მართვას.
პროექტის საერთო ვადა 4,5 წელს შეადგენს. ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, პრეტენდენტს 2022-2024 წლებში ჯამურად უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის ბრუნვა.
ყველა ახალი ამბავი
0