რუსეთსთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის - საქართველოს რკინიგზა

© photo: Sputnik / Stringerლიანდაგი
ლიანდაგი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2026
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლების ერთადერთი პირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს რკინიგზამ უარყო ინფორმაცია რუსეთთან რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებების შესახებ.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.
„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლების ერთადერთი პირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
„სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" ბიურომ საქართველოს მთავრობას რიგი ინიციატივებით მიმართა. წინადადებებს შორისაა - რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, კონსტიტუციიდან იმ პუნქტის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას და ასევე რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანებას.
როგორც „Sputnik-საქართველოსთან" „სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს" თავმჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, დიალოგი საჭიროა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემების განსახილველად - მათ შორის ეს ეხება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის სარკნიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენას „მთელი რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქართულმა მხარემ ის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0