გორში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოავლინეს

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkinქათმები
ქათმები - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2026
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) თანამშრომლებმა შიდა ქართლში 9 არალეგალური ობიექტი, მათ შორის ფრინველის 8 სასაკლაო და კვერცხის 1 საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სეს-ის ცნობით, ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ. ინსპქტირებისას ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.
არალეგალური ობიექტები გორის რაიონის სოფელ კარალეთში, დიდ გარეჯვარში და პატარა გარეჯვარში მდებარეობდა.
უწყების ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა და ობიექტებს აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან და დადგენილ ვადებში განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
ყველა ახალი ამბავი
0