ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკის შენობა
ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2026
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 25 მარტს ჩატარდება.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან უცვლელი რჩება და 8%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და ამ დრომდე არ შეცვლილა.
„მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაცია, როგორც მოსალოდნელია, დროებით სამიზნე დონეზე მაღლა დარჩება და 2026 წელს 4%-ის ფარგლებში იქნება.
„ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა კვლავ დროებითი ხასიათისაა და არ იწვევს ე.წ მეორე რაუნდის ეფექტებს, რაც გულისხმობს, რომ ზეწოლა არ გადადის სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზე. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, დროებითი ფაქტორების ზემოქმედების მილევის ფონზე, 2026 წლის მეორე კვარტალიდან ინფლაცია ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს და წლის განმავლობაში საშუალოდ 3,7% იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, ეკონომიკური აქტივობა თანდათან უბრუნდება თავის გრძელვადიან ზრდის ტემპს, რაც ფასებზე მოთხოვნის მხრიდან წნეხს არბილებს.
„კერძოდ, სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარით, რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წელს 5 პროცენტს გაუტოლდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე დონეზე შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზადაა შეინარჩუნოს მიმდინარე მკაცრი პოლიტიკა მოსალოდნელზე უფრო დიდხანს და, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაამკაცროს იგი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 25 მარტს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0