დუშეთის მდინარეების შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

© Pixabay / monika1607კალმახი
კალმახი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2026
გამოწერა
სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 18 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.
დათევზიანების პროცესში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
თანამედროვე სტანდარტების საშენ მეურნეობაში სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ყოველწლიურად მიმდინარეობს ნახევარ მილიონზე მეტი კალმახის ქვირითს წარმოება. განაყოფიერებული ქვირითის მდინარეებში განთავსება მსოფლიოს მასშტაბით აპრობირებული მეთოდია და მაქსიმალურად ზრდის ნაკადულის კალმახის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
უწყების ცნობით, მონიტორინგით დგინდება, რომ სახეობის ველურ ბუნებაში გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. 2026 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეები ჯამში 700 ათასი ქვირითით დათევზიანდება.
ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0