კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებული ავარიული სახლების გამოსყიდვა ახალი სქემით მოხდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავარიული სახლი - სოლოლაკი
ავარიული სახლი - სოლოლაკი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2026
გამოწერა
მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ და ინვესტორს არ დაელოდონ.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელსაც გარკვეული წინაპირობები გააჩნია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლების შესახებ და ინვესტორს არ დაელოდონ.
„გვინდა, კიდევ ერთი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს თბილისელებს, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში – კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას", - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, არიან ადამიანები, რომლებსაც, მერიის ჩართულობის მიუხედავად, არ სურთ მშენებლობის დაწყებას დაელოდონ და შესაძლოა, ურჩევნიათ ამ ქონების რაც შეიძლება სწრაფად გაყიდვა.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა დაცვაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს V ან IV კატეგორია;
გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე;
აღნიშნული ავარიული სახლის დემონტაჟმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობებს. თუ საფრთხე იარსებებს, მაშინ მერია მზადაა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებიც გამოსყიდვის პროგრამაში ჩართოს, მათ შორის, იმავე პირობებით.
მერმა ასევე განმარტა, შენობების რომელი ნაწილებიი არ დაექვემდებარება პროგრამის ფარგლებში გამოსყიდვას. საუბარია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებაზე: სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ეზო და სხვა საერთო სარგებლობის ქონება. გამოსყიდვას ასევე არ დაექვემდებარება ავტოფარეხი/ავტოსადგომი.
ამის ნაცვლედ დედაქალაქის მერია სთავაზობს პროგრამებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ასეთი ტერიტორიების იჯარით აღება, ლანდშაფტის მოწყობა და რეკრეაციულ ზონებად გარდაქმნა. ასევე არ იქნება გამოსყიდული სხვენები და ტერასები, თუ ისინი არ იქნება აღჭურვილი და გამოყენებული საცხოვრებელ სივრცეებად.
თბილისის მერის განმარტებით, ის ფართები, რომლებიც დაექვემდებარება გამოსყიდვას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასდება.
„ფართები, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება როგორც საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფართები, რომლებიც არ გამოიყენება საცხოვრებლად, შეფასდება მათი ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. გამოსყიდული ტერიტორიები უკვე მომზადდება საინვესტიციოდ, ისე რომ იყოს ისტორიული უბნის სპეციფიკასთან თანხვედრაში და მოხდება მისი განკარგვა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქში ასევე მიმდინარეობს ავარიული საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არსებული პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, უკვე ათეულობით პროექტია მიმდინარე პროცესში.
კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამის გარდა, დედაქალაქში მიმდინარეობს ავარიული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-ჩანაცვლების პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც, უკვე ათეულობით პროექტის რეალიზაცია ხორციელდება.
„ჩვენ დეველოპერებს ვაძლევთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, K2 კოეფიციენტის მატება იქნება ეს თუ სხვა პრეფერენციები, რათა მათ უზრუნველყონ ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების ფართებით დაკმაყოფილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „თბილისის განვითარების ფონდი“ ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე.
მერიის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში 10 ათასზე მეტი ავარიული შენობაა. ოფიციალური მონაცემები მოქალაქეების მიმართვის შემდეგ შენობების შემოწმებას ეფუძნება.
გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ 2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება. პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას. გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
ყველა ახალი ამბავი
0