კობახიძე: საქართველოს შეუძლია რეგიონში გახდეს წყლის რესურსების მართვის ლიდერი

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2026
გამოწერა
ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „წყლის მომავლის" საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წყალი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმდიდრეა, 21-ე საუკუნეში კი, როდესაც წყლის რესურსის ამოწურვა გლობალურ გამოწვევად იქცა, წყლის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია - ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების საფუძველი.
„საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ საკუთარი ბუნებრივი რესურსი გონივრულად და სუვერენულად", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არსებული გამოწვევების დაძლევა და ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლება. თითოეული ოჯახისთვის უსაფრთხო სასმელ წყალზე 24-საათიანი წვდომის უზრუნველყოფა მოითხოვს ათასობით კილომეტრის მოძველებული მილების შეცვლას, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
„ეს არის მასშტაბური სამუშაო, რომელიც დიდ ძალისხმევას და დიდ პასუხისმგებლობას მოიხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვირჩევთ განვითარების პრაგმატულ გზას", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,ესპანურ კომპანია Aqualia-სთან პარტნიორობა, რომელიც სპეციალიზირებულია წყლის რესურსების მართვასა და წყალმომარაგებაში (2025 წელს გახდა საქართველოს წყალგამანაწილებელი კომპანია GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელი), ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას და საქართველოს წყლის სექტორის განვითარებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0