საქართველო ღიაა აშშ-სთან დიალოგისთვის: რა განიხილა ყაველაშვილმა ვენსთან და რუბიოსთან?

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი და ჯეი დი ვენსი
მიხეილ ყაველაშვილი და ჯეი დი ვენსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2026
გამოწერა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია საქართველოს შესახებ და აუცილებლად მოხდება ურთიერთობების განახლება.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. წინა ადმინისტრაციის ნეგატიური პერიოდის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები „სუფთა ფურცლიდან" უნდა დაიწყოს, თბილისი ღიაა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის მეორე დღეს იტალიაში საზეიმო მიღებას მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ. ღონისძიებამ უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან არაფორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა და შეხვედრები პოზიტიური და ღია იყო.
„ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას, აღვნიშნეთ, რომ ვართ ღია და გულწრფელი და დღესაც იგივეს ვამბობთ, რასაც ადრე. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა იმით, რომ ის არ მოქმედებს სხვისი პოზიციებისა და მოლოდინების რეჟიმში. ჩვენ გვაქვს საკუთარი დღის წესრიგი, საკუთარი გამოწვევები, ეროვნული ინტერესები, ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რომლებზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და ამას აფასებენ", - განაცხადა ყაველაშვილმა მარკო რუბიოსთან გამართული საუბრის შესახებ.
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ სცადა საქართველოში პოლიტიკური კლიმატის შეცვლა. სწორედ ამ დიდი ნეგატივის გამო შეიცვალა და დაზიანდა ურთიერთობები, დასძინა ყაველაშვილმა.
„რა თქმა უნდა, მათ აღდგენას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ გვესმოდა, რა ხდებოდა და ვგრძნობდით, რომ ეს არ იყო ის ამერიკა, რომელიც ჩვენთვის სიკეთეს ისურვებდა. მე ვსაუბრობ წინა ადმინისტრაციაზე, რომელიც უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში და ცდილობდა აქ პოლიტიკური კლიმატის შეცვლას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციების საქართველოს ხელისუფლების შეფასებებთან თანხვედრა, რომლებიც ამ ორგანიზაციების საქმიანობას ქვეყნისა და მთავრობისთვის საზიანოდ მიიჩნევდნენ. პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა გარემოებების მიხედვით ცვლის თავის რიტორიკას, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს თანმიმდევრულ პოზიციას და იმედოვნებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობებს გადატვირთავს.
ჯეი დი ვენსთან შეხვედრის კომენტირებისას, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შედგა მცირე საქმიანი საუბარი, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ კარგად ინფორმირებულია საქართველოს შესახებ და აუცილებლად მოხდება ურთიერთობების განახლება.
მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ბევრი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, მან განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0