პრემიერი: სამ მიმართულებას ვეხებით ფასების კუთხით - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2026
გამოწერა
ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური თემა გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც ეხებოდა სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სამ ძირითად მიმართულებას ვეხებით ფასების კუთხით - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი, საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული, ალბათ, სურსათის ფასებია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და, შესაძლოა, კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს.
პრემიერის თქმით, საწვავის ფასები საქართველოში ბევრად უფრო დაბალია სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, მედიკამენტებთან მიმართებით კი შუალედური მოცემულობაა, რასაც განაპირობებს რამდენიმე წლის წინ სხვადასხვა სახის მედიკამენტზე დაწესებული რეფერენტული ფასები.
„ყველაზე მტკივნეული საზოგადოებისთვის არის ალბათ სურსათის ფასები, სადაც არის ძალიან დიდი სხვაობა ევროპულ და ქართულ მოცემულობას შორის. არის პროდუქტები, სადაც 50%-ით მეტი ღირს კონკრეტული პროდუქტი საქართველოში, ორმაგი და ზოგჯერ სამმაგი ფასიც კი არის. ჩვენ უკვე ჩავეძიეთ მიზეზებს და მიზეზები არის სხვადასხვა", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების საკითხი. კომისიამ გამართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი არგუმენტები მოისმინა.
სურსათზე ფასები
სურსათზე ფასების საკითხი საქართველოში აქტუალური გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებს შეეხებოდა.
გასული წლის დეკემბერში სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომლის პირველ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
ფასების დარეგულირების საკითხს სწავლობს საპარლამენტო კომისია, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს. ბერეკაშვილის თქმით, კომისია შეხვედრებს გამართავს სექტორის წამყვან კომპანიებთან, მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელების ოპერატორებთან.
კომისიების პარალელურად, ფასების საკითხს ცალკე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს. სუსმა რამდენიმე კომპანიიდან დოკუმენტების ასლები ამოიღო.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
ყველა ახალი ამბავი
0