კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციაზე - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიცია

© courtesy of Vato Shakarashviliვატო შაქარიშვილი
ვატო შაქარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
გამოწერა
კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად ინტეგრირდეს ევროკავშირსა და ნატოში.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. კონსტიტუციის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას, რეალურად ხელს უშლის ქვეყნის ინტერესებს და ზღუდავს მის შესაძლებლობას, მიაღწიოს ეროვნულ მიზნებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა.
საუბარია კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მისწრაფებას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი და საქართველოს ყველა საკონსტიტუციო სტრუქტურას ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს.
„პირდაპირ ვაცხადებთ, რომ სწორედ კონსტიტუციური ჩანაწერი არის ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მომქცევი და იზოლაციის საფუძველი ამ ახალ მსოფლიო რეალობაში, რომელიც ჩვენს თვალწინ შედგა. არავინ უარყოფს, რომ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა მრავალვექტორულ სამყაროში. ეს ჩანაწერი არის ჩვენი შემზღუდავი, ჩვენი ხელის შემშლელი ფაქტორი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ეროვნულ მიზნებს“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
მისი თქმით, ადრე ევროკავშირში გაწევრიანება გვესახებოდა, როგორც ინსტრუმენტი და არა ეროვნული მიზანი და თვითმიზანი, მაგრამ ახლა ეს საკითხი აყვანილია ეროვნულ ამოცანად და თვითმიზნადაა დასახული“ და მათ შორის, ამაში საკუთარი წვლილი მიუძღვის ხელისუფლებასაც. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საჭიროა საჯარო დისკუსიის გამართვა.
ინიციატივას გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანამ საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს.
„ზოგადად არც ერთი გაერთიანება არ არის ილუზია და თვითმიზანი, ნებისმიერი გაერთიანება არის შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოში ქართველი ხალხი ხედავს უკვე იმას, რასაც ჩვენ ადრე ვამბობდით და გამოგვქონდა კულისებიდან სიმართლის სახით”, - აცხადებს მაჭარაშვილი.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის პირდაპირი „ხელჩართული ბრძოლა“ მიდის და ის პრობლემები, რომლებზეც „ხალხის ძალა“ რამდენიმე წლის წინ საუბრობდა, ახლა ღიად განიხილება აშშ-ში.
„აქ საუბარია პრობლემებზე, უსამართლო განცხადებებზე, ორმაგ სტანდარტებზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.
პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გამოაცხადა მზადყოფნა, ჩაერთოს საჯარო დებატებში ქვეყნის ხელისუფლებასთან ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მავნებლობა დაამტკიცოს.
პარტიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში სულ უფრო მწვავედ ისმის კითხვები საქართველოს საგარეო კურსსა და მის შესაბამისობაზე ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოებაზე. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე ევროინტეგრაცია არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს და ღია დისკუსიას მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0