ევროპის საბჭო საქართველოში უცხოურ გავლენასთან ბრძოლის ინსტრუმენტებით დაინტერესდა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyევროკავშირის სიმბოლიკა
ევროკავშირის სიმბოლიკა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
გამოწერა
ევროპის საბჭოს დაინტერესება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. კვლევის ფარგლებში, ევროპის საბჭომ წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა - საქართველომ შესაბამისი დოკუმენტი უკვე მოამზადა.
ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაძლო შემუშავების მიზანშეწონილობის კვლევა უცხოური ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) შესახებ, მათ შორის დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც იკვლევს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით.
„ჩვენ, ისევე როგორც სხვა უწყებები, ჩართული ვართ იმაში, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება გავუზიაროთ ევროსაბჭოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს დაინტერესება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ორივენაირი გამოცდილება. ერთი მხრივ, როგორც სამიზნე უცხოური საინფორმაციო ჩარევისა და ზოგადად, ჩარევისა და მეორე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე კარგი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვებრძოლოთ ამგვარ ჩარევებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
თავის მხრივ, ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ, რომელსაც ვადა 15 აპრილამდე, ჰქონდა უკვე გაგზავნა სრული ინფორმაცია.
„ჩვენ ჩვენს გამოცდილებას, კანონმდებლობას, ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს თავი მოვუყარეთ და მივაწოდეთ. ჩვენ გადავუგზავნეთ საქართველოს გამოცდილება უცხოურ გავლენებთან გამკლავების და ბრძოლის მიმართულებით. რაც კი იყო კანონმდებლობა – გამჭვირვალობის კანონიდან დაწყებული უკანასკნელი კანონპროექტებით დასრულებული. გადავუგზავნეთ, გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის საქართველო ამ კონკრეტულ პრობლემას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკას ისმენდა, პრობლემასაც კი არ აღიარებდნენ, არ ამბობდნენ, რომ მსგავსი პრობლემა არსებობს.
„ყოველთვის გვეუბნებოდნენ, თქვენ ჭიქაში ქარიშხალს ებრძვით და რეალურად სხვა მიზნები გამოძრავებთო. ახლა გამოჩნდა, რომ ეს რეალური და სისტემური პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს პრობლემა კიდევ უფრო სერიოზული და მძიმე გახდება ევროპის საბჭოს ქვეყნებისთვის. ევროპის საბჭოს ექსპერტების გადაწყვეტილებაც ესაა, რომ უფრო სისტემურად, მასშტაბურად და სერიოზულად მიხედონ პრობლემის აღიარებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ევროპის საბჭოს ვებსაიტის ცნობით, კვლევა მოიცავს უცხოურ გავლენასთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებების კრიმინალიზაციის სამართლებრივ გამოწვევებსა და ხარვეზებს და განსაზღვრავს დეზინფორმაციისა და უცხოური გავლენის შესახებ პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების პოტენციურ მიდგომებს.
გარდა ამისა, ევროპის საბჭოს ცნობით, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის საკითხებში ექსპერტთა კომიტეტის პირველი შეხვედრა უკვე 2026 წლის 27 იანვარს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0