უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: იანვრის მონაცემები

© Ministry of Internal Affairs of Georgiaხის მასალა
ხის მასალა - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2026
გამოწერა
ჯამში ამოღებულია 112 კუბურ მეტრამდე მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხეტყე.
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა იანვარში სამართალდარღვევის 32 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდარღვევებიდან 28 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 112 კუბურ მეტრამდე ხეტყე, რომელიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.
ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 -სამცხე-ჯავახეთის, 1 – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 4 – ქვემო ქართლის, 10 – კახეთის, 1– მცხეთა-მთიანეთის, 2– გურიის, 5 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
ასევე გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 3 ფაქტი და 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთის რეგიონში.
სამართალდარღვევებიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 3 ფაქტი, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
გასულ წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0