საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ში შეხვედრებს აგრძელებს

© Georgia in USAსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2026
გამოწერა
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს (National Prayer Breakfast) დაესწრო.
სამიტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა და აღნიშნული თავისუფლებების განმტკიცებისათვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.
მინისტრის მოადგილემ სამიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიის (USCIRF) თავმჯდომარესთან, ვიკი ჰარცლერთან. შეხვედრის დროს ლაშა დარსალიამ ვიკი ჰარცლერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლებისა და ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურების შეზღუდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა რელიგიური თავისუფლების სამიტის თანათავმჯდომარესთან, სემ ბრაუნბეკთან.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში გამართა შეხვედრა კომერციის მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, უილიამ კიმიტთან და ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯეფრი კესლერთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით.
საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0