შეიარაღების კონტროლი დასრულდა: რა შეიძლება ელოდეს მსოფლიოს СНВ-3-ის ვადის ამოწურვის შემდეგ

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2026
გამოწერა
Sputnik, ელიზავეტა ბორისენკო. 5 თებერვალს იწურება ხელშეკრულების ვადა, რომელიც სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომ შემცირებასა და შეზღუდვას (ДСНВ, ანუ СНВ-3) ითვალისწინებს. რატომ მივედით აქამდე და რა შეიძლება მოხდეს შემდეგ — საკითხს Sputnik იკვლევს.
1970-იანი წლების შემდეგ პირველად, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის აღარ იარსებებს შეთანხმება, რომელიც მათ სტრატეგიულ ბირთვულ არსენალებს ზღუდავს.

როგორ მივედით ამ ეტაპამდე

СНВ-3 2010 წლის აპრილში, პრაღაში, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, დმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ, გააფორმეს. დოკუმენტი ძალაში ერთ წელზე ნაკლებ დროში შევიდა. შეთანხმება ზღვარს აწესებდა სტრატეგიულ შეიარაღებაზე: თითოეულ მხარეს არაუმეტეს 1550 ბირთვული ქობინი და 700 განლაგებული მატარებელი სისტემა (კონენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, წყალქვეშა ნავებიდან გაშვებადი რაკეტები და მძიმე ბომბდამშენები).
2021 წელს ხელშეკრულება ხუთი წლით გაგრძელდა, ეს შესაძლებლობა თავად დოკუმენტში იყო გათვალისწინებული. ვარაუდობდნენ, რომ ამ პერიოდში მხარეები ახალ შეთანხმებას შეიმუშავებდნენ, თუმცა ეს არ მოხდა.
2022 წლის თებერვლამდე კონსულტაციები გაგრძელდა. უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ დიალოგი შეწყდა. 2023 წლის თებერვალში რუსეთმა განაცხადა ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ. მოსკოვმა გადაწყვეტილება ახსნა ნატო-ს განცხადებებით რუსეთის „სტრატეგიული დამარცხების“ აუცილებლობაზე, აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინადადებების გაუთვალისწინებლობით და ინსპექციების ჩატარების შეუძლებლობით.
მონაწილეობის შეჩერება ხელშეკრულებიდან გამოსვლას არ ნიშნავდა: რუსეთმა განაცხადა, რომ დადგენილ ლიმიტებს შეინარჩუნებდა. ასევე არაერთხელ ითქვა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, თუ ვაშინგტონი პოლიტიკური ნებისა და დეესკალაციისკენ ნაბიჯებს გადადგამს.
ცალკე საკითხია ნატო-ს საერთო ბირთვული პოტენციალის გათვალისწინება. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულ სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებელია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არსენალების გათვალისწინების გარეშე, განსაკუთრებით მათი რიტორიკისა და ძალების მოდერნიზაციის ფონზე. ლონდონი და პარიზი კი საკუთარ ბირთვულ ძალებს დამოუკიდებელ შეკავების საშუალებად მიიჩნევენ და მათ აშშ-ის პოტენციალის ნაწილად არ აღიარებენ.
2025 წლის შემოდგომაზე ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში არსებული შეზღუდვების შენარჩუნება შესთავაზა, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი შეიარაღების რბოლა და შენარჩუნდეს მოლაპარაკებების საფუძველი. თუმცა, როგორც 3 თებერვალს კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, ვაშინგტონიდან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ.
აშშ-ში კი ისმოდა განცხადებები, რომ მომავალში შესაძლებელია „უკეთესი“ შეთანხმების გაფორმება, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.

მოუგვარებელი საკითხები

ექსპერტები არ ელოდებიან, რომ 5 თებერვლის შემდეგ ახალი შეთანხმების გაფორმება სწრაფად დაიწყება. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები კვლავ ღრმა კრიზისშია და მათი ნორმალიზაციის გარეშე სრულფასოვანი მოლაპარაკებების დაწყება რთული იქნება.
გარდა ამისა, ახალი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს შეცვლილ სტრატეგიულ გარემოს. აშშ-ისთვის მნიშვნელოვან თემებად შესაძლოა იქცეს რუსეთის ახალი შეიარაღების სისტემები, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები, ასევე კოსმოსის მილიტარიზაციის რისკები.
მოსკოვისთვის კი კვლავ აქტუალურია ევროპაში განთავსებული ამერიკული ბირთვული იარაღი, ფრთოსანი რაკეტების განვითარება და გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემები. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აშშ-ის მიერ ახალი მრავალდონიანი ПРО-ს სისტემების შექმნა და კოსმოსურ სივრცეში მზარდი კონკურენცია. რუს ექსპერტთა შეფასებით, კოსმოსი სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც პოტენციური სამხედრო დაპირისპირების სივრცე.
ამგვარად, საუბარია არა მხოლოდ ძველი შეზღუდვების გაგრძელებაზე, არამედ სტრატეგიული სტაბილურობისადმი ახალი მიდგომის ფორმირებაზე — რაც ხანგრძლივ და პოლიტიკურად რთულ პროცესს ნიშნავს.

ჩინეთის ფაქტორი

სერიოზულ გამოწვევად რჩება ჩინეთის პოზიციაც. დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ მომავალ შეთანხმებაში პეკინი უნდა იყოს ჩართული. ჩინეთის ბირთვული არსენალი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდად მიიჩნევა.
თუმცა, პეკინში ასეთ წინადადებებს სკეპტიკურად უყურებენ. ჩინეთის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი ბირთვული პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აშშ-სა და რუსეთისას, ამიტომ სამმხრივ მოლაპარაკებებში ჩართვის მოთხოვნას არარეალისტურად მიიჩნევენ.
ექსპერტების აზრით, თუ ახალი შეთანხმება მკაცრად იქნება დაკავშირებული ჩინეთის სავალდებულო მონაწილეობასთან, ამან, შეიძლება, მთლიანად დააზიანოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული კონტროლის მექანიზმები. თეორიულად, ჩინეთი პროცესში ეტაპობრივად — გამჭვირვალობის ზომებითა და ინფორმაციის გაცვლით — შეიძლებოდა ჩაერთულიყო, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი მზადყოფნა არ ჩანს.

რა იქნება შემდეგ?

СНВ-3-ის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, ექსპერტები რამდენიმე სცენარს განიხილავენ.
პირველი — მხარეები არაფორმალურად შეინარჩუნებენ მოქმედ ლიმიტებს და არსებულ ბალანსს, მიუხედავად იურიდიული ვალდებულებების არარსებობისა.
მეორე — ახალი შეთანხმების თემა უსაფრთხოების ფართო დიალოგის ნაწილად და მოლაპარაკებების ბერკეტად იქცევა.
მესამე — შეზღუდვებზე სრული უარის თქმა და ბირთვული პოტენციალის ზრდა, რაც შეიძლება ახალი შეიარაღების რბოლასა და გლობალური დაძაბულობის გაძლიერებას გამოიწვიოს.
დამატებით ფაქტორად რჩება აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემების განვითარება. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ თავდაცვითი და შეტევითი სტრატეგიული იარაღი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათი განცალკავებულად განხილვა შეუძლებელია.
СНВ-3-ის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, შეშფოთება გაეროს მხრიდანაც გამოითქვა და გაკეთდა მოწოდება ბირთვული იარაღის კონტროლის ახალი რეჟიმის შექმნის შესახებ. თუმცა, თუ უდიდესი ბირთვული „დერჟავები“ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეალური ბერკეტები არ გააჩნიათ ვითარების შესაცვლელად.
ფაქტობრივად, СНВ-3, შესაძლოა, ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურის ბოლო ელემენტი აღმოჩნდეს. ახალი კონტროლის სისტემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა საერთაშორისო ძალთა ბალანსი და „თამაშის წესები“ მკაფიოდ განისაზღვრება.
ამ ეტაპზე სწრაფი გარღვევის ნიშნები არ ჩანს. თუ კომპრომისი ვერ მოიძებნება, მსოფლიო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პირველად აღმოჩნდება მდგომარეობაში, როცა ორ უმსხვილეს ბირთვულ ძალას შორის ოფიციალური შეზღუდვები აღარ იარსებებს,რაც თავისთავად სერიოზულ რისკებს შეიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0