საქართველოში ვის აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა?
13:00 02.02.2026 (განახლებულია: 15:36 02.02.2026)

© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის თანახმად ქვეყნის რიგ მოქალაქეებს პარტიის წევრობა აეკრძალება.
სიახლის თანახმად, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში წევრობის აკრძალვა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ არიან დასაქმებული „უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციაში".
აკრძალვა იმოქმედებს 8 წლის მანძილზე - ათვლა დაიწყება იმ კალენდარული წლიდან, როდესაც მოხდა ბოლო ჩარიცხვა.
მოცემულ შემთხვევაში „უცხო ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" ჩაითვლება შემდეგი სტრუქტურები:
ნებისმიერი არაკომერციული ან არასამეწარმეო სუბიექტი, რომელიც არ არის დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ და რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძლისგან;
მაუწყებლები, რომლებიც არაკომერციული დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოური ძალისგან იღებენ;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს და რომლის არაკომერციული შემოსავლის 20% უცხოური ძალისგან მიღებული შემოსავალია
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ახალი წესები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას სამი მოსმენით მიიღებს და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება.