საქართველოში IT-სექტორის განვითარება კვლავ დღის წესრიგში დგას

გამოწერა
საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია მთავრობის უახლოესი 10 წლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.
ითბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოსთვის IT-სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია და ამ მინართულებით გარკვეული პროგრესი უკვე გვაქვს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვახტანგ თურნავამ.
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერნეტ-კომუნიკაციების ჰაბად გარდაქმნის სურვილი არაერთხელ გააჟღერა. IT-სპეციალისტების მოსაზიდად შემოღებული იქნა სპეციალური ბინადრობის ნებართვა და შემუშავდა სპეციალური შეღავათები ამ სექტორში მომუშავე საერთაშორისო კომპანიებისთვის.
„დღეს საქართველოში დაახლოებით 12 ათასი სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, რაც ძალიან მისასალმებელია. მათი დიდი უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული, ვაუჩერებს გასცემს სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა უფასოდ ისწავლონ განსაკუთრებით კოლეჯებში, IT -სექტორში და ამ ყველაფერს ვასუბსიდირებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ მაღალანაზღაურებად სექტორში", - განაცხადა თურნავამ.
მან IT-სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის პროდუქტიულობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„შევძელით მე-4 დონეზე გადასვლა ჩვენი ქვეყნის მშპ-სთვის. ეს არის 8,2%. თითქმის, ყოველთვე გვაქვს შეხვედრა მთავრობასთან, სადაც განვიხილავთ, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს", - განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძემ აღნიშნა, რომ IT-სექტორის ზრდა დაკავშირებულია კონკრეტულ ფაქტორებთან, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებთან.
„სექტორს აქვს საგადასახადო შეღავათები - სწორედ ამ რეგულაციების და შეღავათების გამო გადმოვიდნენ 2022 წელს საქართველოში ის კომპანიები, რომლებმაც მათი ოფისები დახურეს რუსეთში, უკრაინაში და ბელარუსში. როდესაც რეგიონს უყურებდნენ, ისინი ეძებდნენ, სად იყო მიმზიდველი გარემო და იმ ფაქტორმა, რომ ჩვენ ტექნოლოგიური მიმართულებით საგადასახადო შეღავათები გვაქვს, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა", - განაცხადა სულაბერიძემ.
მისი თქმით, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, სექტორში კვლავ რჩება სერიოზული გამოწვევები, მათ შორის ქართული კომპანიების განვითარებისთვის.
სულაბერიძის განცხადებით, ამჟამად მოქმედი საგადასახადო შეღავათები, მათ შორის „საერთაშორისო კომპანიის სტატუსი", ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებზე ვრცელდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ქართულ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
„შედეგად, ქართული მსხვილი ბიზნესები ტექნოლოგიურ სერვისებს ისევ უცხოეთიდან ყიდულობენ, რადგან ადგილობრივი მომსახურება მათთვის უფრო ძვირი გამოდის," - აღნიშნა სულაბერიძემ.
საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია მთავრობის უახლოესი 10 წლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს. ქვეყანაში დაგეგმილ ინოვაციებს შორისაა DATA-ცენტრის შექმნა.
თავად IT-კომპანიები საუბრობენ ქართულ სექტორის მუშაობის სირთულეებზე და ასახელებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ძვირადღირებული ინტერნეტი, დაბალი სიჩქარე და კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის სირთულეები, მათ შორის ბიუროკრატიული ფაქტორების გამო.